logo
ENG



გამყრელიძე: ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ის დაასრულებს პანდემიასაც

13 მარ 202112:56
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ის დაასრულებს პანდემიასაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციისთვის 82 დაწესებულებაა შერჩეული. 

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა დაწესებულების ათვისება მოხდება. 

"პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. თბილისის და ყველა რეგიონალური ცენტრში გამოყოფილიa შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ". - თქვა მან. 

გამყრელიძისვე თქმით: 

თბილისში პირველ ეტაპზე იქნება 10 ამცრელი პუნქტი: 

ასევე: ქუთაისში - 4;

ბათუმში - 4;

რუსთავში - 2;

ზუგდიდში -2

რეგიონალურ ცენტრებში — თითო-თითო; 

გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესი 82-ვე ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში დაიწყება. 

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას - კოვიდ პანდემიას". - თქვა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ. 

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. 

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. 

პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება. 

ვაქცინაციის მსურველებმა ჯავშანი შესაბამის პორტალზე უნდა გააკეთონ. 

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს თქვა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში დამატებითი პარტია შემოვა. 

თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის. 


close დახურვა